აუდიტორული მომსახურება გულისხმობს კომპანიის (საწარმოს) გასული პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სრულ ანალიზს. ის მოიცავს:
•    აუდიტის დაგეგმვასა და აუდიტორული შემოწმების პროგრამის შედგენას;
•    კომპანიის (საწარმოს) საბუღალტრო აღრიცხვის მდგომარეობის შეფასებას;
•    სამეურნეო სუბიექტისა და მისი გარემოს შესწავლას და არსებული უზუსტობების რისკების შეფასებას; მათ შორის: ეკონომიკური ურთიერთობების ანალიზს, სახელშეკრულებო ურთიერთობათა ეკონომიკურ და სამართლებრივ ანალიზს;
•    აუდიტორულ მტკიცებულებებსა და დამატებით მოსაზრებებს ცალკეულ საკითხებზე;
•    სააღრიცხვო შეფასებასა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტს;
•    ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზს;
•    ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვის დეტალურ ანალიზს;
•    საბაზრო წესით ან/და სახელმწიფო შესყიდვების წესით გახორციელებული საქონლის/მომსახურების შესყიდვების ანალიზს, კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის ანალიზს;
•    მოთხოვნებისა და ვალდებულებების აღრიცხვის ანალიზს;
•    შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის მდგომარეობის შესწავლასა და ანალიზს, ხარჯების ოპტიმიზაციის შესწავლას;
•    საწარმოს კაპიტალში ცვლილებების ანალიზსა და შეფასებას;
•    ფინანსური ანგარიშგების აუდიტს;
•    ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მდგომარეობის ანალიზს და საგადასახადო ვალდებულებათა დაზუსტებას;
•    საგადასახადო ანგარიშგების მდგომარეობის ანალიზს.

სავალდებულო აუდიტი
სავალდებულო აუდიტი აუცილებელი ყოველწლიური აუდიტორული შემოწმებაა, რომელიც ტარდება ფინანსური ანგარიშგების სანდოობის დადასტურების მიზნით. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სავალდებულო აუდიტს ექვემდებარება:
ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, სპეციალური სახელმწიფო ფონდები, საფონდო და სასაქონლო ბირჟები;
ფასიანი ქაღალდების ემიტენტები და საინვესტიციო ინსტიტუტები;
სხვა სუბიექტები, რომელთა სიასაც ყოველწლიურად ამტკიცებს ფინანსთა სამინისტრო.

საინიციატივო აუდიტი
საინიციატივო (ნებაყოფლობითი აუდიტი) ტარდება ორგანიზაციის ინიციატივით საგადასახადო, საფინანსო და სამეურნეო რისკების შემცირების მიზნით. მისი ჩატარება მიზანშეწონილია ხელმძღვანელის ან მთავარი ბუღალტერის შეცვლის შემთხვევაში; მესაკუთრის ან პოტენციური ინვესტორის მოთხოვნით, ფინანსური ანგარიშგების უტყუარობის შემოწმებისას; ბიზნესის შეძენის შემთხვევაში; საგადასახადო შემოწმების წინ.
აუდიტი საშუალებას იძლევა დროულად გამოვლინდეს და შესწორდეს ფინანსური ანგარიშგებისას დაშვებული შეცდომები. აუდიტი ასევე საშუალებას იძლევა შეფასდეს ორგანიზაციის ბუღალტერისა და კომპანიის აღმასრულებელი ორგანოების მუშაობის ეფექტურობა.
აუდიტი განსაკუთრებით ეფექტურია წლიური ბალანსის მომზადების, ჩაბარების და საგადასახადო შემოწმების შესაძლო შედეგების განსაზღვრის მიზნით. ის საწარმოში რეალური ფინანსური მდგომარეობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა და ასევე ამცირებს საგადასახადო რისკის ალბათობასაც.
აუდიტის დროს ვლინდება საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი ნაკლოვანებები, რომლის შედეგიცაა ფინანსური ინფორმაციის დამახინჯება და საგადასახადო ვალდებულებების ზრდა თუ შემცირება.

საგადასახადო აუდიტი
საგადასახადო აუდიტი გულისხმობს კომპანიის მიერ ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის შემოწმებას, საგადასახადო კანონმდებლობის დაცვისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების კუთხით.
•    აუდიტის პროცესში მოწმდება ყველა სახეობის გადასახადის საგადასახადო ბაზა,
•    ტარდება საგადასახადო აღრიცხვისა და ანგარიშგების აუდიტი, როგორც კომპლექსური, ასევე ცალკეული გადასახადების მიმართ: (საშემოსავლო, მოგების, დამატებითი ღირებულების გადასახადი; აქციზი; ქონების გადასახადი, საბაჟო გადასახადები და მოსაკრებლები).
•    ხდება საწარმოების საგადასახადო რისკების შეფასება,
შემოწმების შედეგების საფუძველზე დგება კონფიდენციალური ანგარიში ხელმძღვანელობისათვის, სადაც აღწერილია ის დარღვევები, რომელიც გამოვლინდა აუდიტის პროცესში და რეკომენდაციები ამ დარღვევების გამოსასწორებლად.
დამკვეთთან აღნიშნული ანგარიშის განხილვის შემდეგ აუდიტორი ეხმარება დამკვეთს გამოასწოროს გამოვლენილი ხარვეზები (მოაწესრიგოს პირველადი საბუთები, დააზუსტოს დეკლარაციები და ა.შ.)

აუდიტორული შემოწმება კონტროლის ერთ-ერთი ფორმაა.
კონტროლი მართვის მნიშვნელოვანი ფუნქციაა და საფინანსო სახსრების მართვის სფეროში რეგულირების სისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების შედეგად იზრდება ფინანსური ინფორმაციის სანდოობის დონე.
აუდიტის ამოცანაა-კლიენტის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, პასივების (ინვესტორები, კრედიტები) მოზიდვა, კლიენტების დახმარება და კონსულტაცია.
ჩვენი კომპანია ატარებს აუდიტს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა დაცვით.
აუდიტის შედეგი - აუდიტორული დასკვნაა, დოკუმენტი, რომელსაც აქვს იურიდიული ძალა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ ასეთ შემოწმებას აწარმოებს და დასკვნა გამოაქვს დამოუკიდებელ პირს.
ჩვენი კომპანიის აუდიტორული მომსახურება გულისხმობს, სხვადასხვა წინადადებისა და რეკომენდაციის შემუშავებას, რომლებიც შემოწმებისას გამოვლენილი ხარვეზების, უზუსტობების გასწორებისკენ არის მიმართული. ის ითვალისწინებს ხელმძღვანელობისათვის კონსულტაციების საშუალებით დახმარების გაწევას აღრიცხვის, საგადასახადო დაბეგვრისა და დაგეგმვის სფეროში, აგრეთვე რეკომენდაციების მიწოდებას შიდა კონტროლის სისტემების გაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებით.